გაზაფხულის ნიშნად

გაზაფხულის ნიშნად

Thursday, May 20, 2010

საქართველოს უნიკალური ბუნება- ვაშლოვანის ნაკრძალი

მას შემდეგ, რაც ეს ნაკრძალი მოვინახულეთ თითქმის ერთი თვე გავიდა, მაგრამ იმდენად დიდი იყო, ნახულისგან მიღებული ემოციები, რომ გადავწყვიტე დამეწერა და გამეზიარებინა თქვენთვის.
მცირე ისტოირული ექსკურსი: ვაშლოვანის ნაკრძალი 1935 წელს დაარსებულა ნიკო კეცხოველისა და ვასილ გულისაშვილის ინიციატივით. ნაკრძალის ტერიტორია (საერთო ფართობი - 10 142 ჰექტარი) მოიცავს პანტიშარა ვაშლოვანის მასივს. მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 300-600 მეტრს შორის მერყეობს.
დღეისათვის ვაშლოვანის ეროვნული პარკი მოიცავს : ალაზნის ჭალას, არწივის ხეობასა და ტახტი-ფეშას.
ჩვენი მარშრუტი პანტიშარას ხეობით შემოიფარგლა. იმდენად გასაოგნებელი ბუნებაა გარშემო, რომ სიმართლე გითხრათ, თვალი მოგვჭრა. მიუხედავად 8-10 საათიანი ბოდიალისა, თანაც მანქანით, ისეთი შეგრძნება დაგვრჩა, თითქოს კი არ დაგვეთვალიერებინოს, არამედ შემოვირბინეთ. საოცარი შეგრძნებაა, დააბოტებ ველურ ბუნებაში, ასეთი სიახლოვე ქართულ ბუნებასთან აქამდე არც განმიცდია. რით გამოირჩევა პანტიშარას ხეობა?- დავიწყოთ იმით, რომ სტეპები და კანიონები სხვაგან და თან ასე ვრცელი განფენოლობით თუ სადმე სხვაგან, გარდა ამერიკისა არსებობდა, ვერ წარმოვიდგენდი. თურმე, რა მწარედ ვცდებოდი. აბსოლიტურად უნიკალურია ბუნება, წარმოიდგინეთ 600 წლოვანი ხის დანახვისას რა შეგრძნება შეიძლება გაგიჩნდეთ, მეგონა, დრო გაჩერდა კი არა და წარსულში გადავინაცვლე მეთქი. საკმევი ჰქვია ამ ხეს, თუ სწორად მახსოვს და მისი უნიკალურობა გარდა ასაკისა, იმაშიც მდგომარეობს, რომ ჩვეულებრივი ფოთლები აქვს, მაგრამ წიწვის სუნი ასდის.
გინახავთ მერცხლების ქალაქი? ერთ კდლეზე შეუფენიათ, პატარ-პატარა ბუდეებით თავისი სამფლობელო აქვთ მოწყობილი, დაფუსფუსობენ და ზრდიან თაობებს. ნეტავ, როგორი მმართველობა აქვთ?- როგორ არის ძალაუფლება გადანაწილებული? იქნებ სულაც ქართული დემოკრატიით იწონებენ თავს ? :)   კარგად დააკვირდით ფოტოს, სწორედ ეს არის მათი სამეფო.
პანტიშარას ხეობის სიამაყეს ქართული ველური ზამბახი წარმოადგენს. იცით რა ლამაზია? როგორც ქართველ ქალს აქვს რაღაც თავისებური, ველური სილამაზე თავმდაბლობასთან შერწყმული (ისტორიულ ქართველზე მაქვს საუბარი, ახლა არ ვიცი ეს ხიბლი კვლავ შევინარჩუნეთ თუ არა), აი რაღაც ესეთია. სხვადაშორის ამ ბლოგში შემოსვლისთანავე, ზამბახი რომ შემოგებებათ, სწორედ იქაური წარმომავლობისა გახლავთ კი არა  და, იქ გადავიღეთ.
პანტიშარას საპატიო ბინადრები კასპის კუები არიან, დაგვდეს პატივი და ცოტა დაგვენახნენ კიდეც, ისე გზად ფოცხვერსაც გადავეყარეთ. მგელმაც დაგვზვერა თითქოს, კურდღელმა გამოგვაცილა. მოკლედ ველური ბუნების მოყვარულებს სრული ექსტრიმი და სიამოვნება გარანტირებული აქვთ. ეს, კასპის კუების ნავთსაყურელია.
ისე თუ წასვლას გადაწყვეტთ, ბავშვები არ დაგავიწყდეთ, საოცარ სიამოვნებას მოაკლებთ, თან ქართულ ბუნებას აზიარებთ. პანტიშარას ხეობიდან, გადასახედზე ჩანს უნიკალური ქვაბული, ტყე, რომელიც მილიონ ნახევარს ითვლის, და  როგორც აგვიხსნეს, თურმე ზღვის მიმოქცევის შემდეგ, როდესაც დედამიწად დეფორმაცია განიცადა, ეს ადგილი წყლისგან განთავისუფლდა და დღეს უნიკალური ჯიშის ცხოველებისა და ფრინველების თავშესაფარს წარმოადგენს.
გული იცით რაზე დამწყდა?- ვაშლოვანის ნაკრძალში ბინადრობდა უნიკალური ქართული ჯიქი, ერთადერთი და ბოლო 8 თვეა აღარ ჩანს. სხვაგან გადაბარგდა თუ რა ბედი ეწია, სამწუხაროდ არ ვიცით.










ხო მართლა ვინც არ იცით, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მოსანახულებლად ისტორიულ ქიზიყს, დედოფლისწყაროს რაიოდნს, საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილს უნდა ეწვიოთ.


No comments:

Post a Comment